მთავარი          მულტფილმები          სათამაშოები          სათამაშო საიტები          კონტაქტი
 

სათამაშოები

 ბიზნესმენი
 გალაქტიკა
 გენერალისიმუსი
 ჭკვიანი ფიტკრები
 
 
 
 
 
 
 
 

სამაგიდო ინტელექტუალური სათამაშო  "გენერალისიმუსი"

თამაშობენ 8 წლის ასაკიდან.

"სათამაშო გენერალისიმუსი" არის სტრატეგიასა და ტაქტიკაზე ორიენტირებული თამაში; იგი არ არის დამოკიდებული ბედზე; ხელს უწყობს: ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, აზროვნების განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა.

თამაშობს 2 პარტნიორი 108 (9x12) უჯრედებიან დაფაზე, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო ველს, სადაც პირისპირ განლაგებული  არიან მოწინააღმდეგე ჯარები.

თამაშის მიზანია, ჯარისკაცების სწორი, ტაქტიკური და სტრატეგიული  გადაადგილებით, შეძლოთ სწრაფად დაამარცხოთ მეტოქე მისი ჯარისკაცების ბრძოლის ველიდან გაყვანით.

ორივე პარტნიორს ჰყავს ერთნაირი სიძლიერის, სხვადასხვა ფერით წარმოდგენილი ჯარები, 25 მეომრისა და 2 კატაპულტის შემადგენლობით (მშვილდოსნები - 5, ფაროსნები - 5, ხმლით აღჭურვილნი (ხმალოსანი) - 6, გენერლის გვარდიელები - 3 და მხედრები - 6).

ჯარისკაცთა ყოველი სახეობა განსხვავებული სიძლიერისაა და  გადაადგილდება სათანადო წესების შესაბამისად.

წესებში აღწერილია ყველა ფიგურის განლაგების ადგილი და სვლები. 

ჯარისკაცების გადაადგილება

უჯრიდან უჯრაზე ფიგურის გადაადგილებას სვლა ეწოდება. სვლები კეთდება რიგრიგობით და პირველი სვლა ეკუთვნის კენჭისყრაში გამარჯვებულ მოთამაშეს.

თითო ჯერზე მოთამაშეს შეუძლია ზედიზედ 2 სვლა შეასრულოს, ანუ გადაადგილოს 2 ჯარისკაცი. თამაშის დასაწყისში, პირველი სვლის დროს, დამწყები აკეთებს ერთ სვლას, ანუ გადაადგილებს მხოლოდ ერთ ჯარისკაცს. ყოველ შემდგომ ჯერზე მოთამაშეები ვალდებულნი არიან, გააკეთონ ორი სვლა, ანუ გადაადგილონ თავიანთი ორი ჯარისკაცი იქამდე, სანამ არ დარჩებათ მხოლოდ ერთი ფიგურა. (კატაპულტა განიხილება როგორც ჯარისკაცის ერთ-ერთი სახეობა).

არ შეიძლება, ფიგურამ დაიკავოს ის უჯრედი, სადაც უკვე დგას მისივე ფერის სხვა ჯარისკაცი. მოძრაობისას არ შეიძლება, გადაახტე უჯრედს, თუკი მასზე უკვე იმყოფება რომელიმე სხვა ფიგურა.

ოფიციალურ შეჯიბრებებში სვლებისათვის დრო მკაცრად რეგლამენტირებულია და მისი კონტროლი ხორციელდება სპეციალური საათით. 

მოწინააღმდეგე ჯარისკაცების თამაშიდან გამოთიშვა

მოწინააღმდეგის ჯარისკაცის თამაშიდან გამოთიშვა შესაძლებელია ჭადრაკის წესების მსგავსად. თუკი თქვენი ჯარისკაცი ძალით აღემატება ან თანასწორია მტრისა, მაშინ მის გასაუვნებლად გადაადგილეთ თქვენი ჯარისკაცი და მოათავსეთ იმ უჯრედზე, რომელზეც მოპაექრეა განთავსებული. მოკლული (აყვანილი) ჯარისკაცი თამაშიდან გასულად ითვლება და მას დაფიდან იღებენ.

მოწინააღმდეგე ფიგურის აყვანა სავალდებულო არ არის.

თანაბარი სიძლიერის მეომრები ჯაბნიან ერთმანეთს თავიანთი გადაადგილების წყალობით, ანუ თუ თქვენი სვლის ჯერია, თქვენს გვარდიელს შეუძლია, თამაშიდან გამოთიშოს მოწინააღმდეგის გვარდიელი, მშვილდოსანმა გათიშოს მშვილდოსანი და ასე შემდეგ.

თამაში გრძელდება იქამდე, სანამ რომელიმე მხარეს აღარ დარჩება ჯარისკაცები, ან არ დანებდება მოწინააღმდეგეს.

თამაში შეიძლება დამთავრდეს ყაიმით, თუკი მხარეებს დარჩებათ იმ სახეობის ჯარისკაცები, რომელნიც ერთმანეთს ვერ გამოთიშავენ თამაშიდან. მაგალითად, მხედარი და ფაროსანი; მხედარი ვერ ჯაბნის ფაროსანს, ფაროსანი კი ვერ დაეწევა მხედარს.  

ქვემოთ დაწვრილებით აღწერილია ჯარის სახეობების გადაადგილებისა და მოწინააღმდეგის ჯარისკაცების თამაშიდან გათიშვის წესები. 

მშვილდოსნები - თამაშის დასწყისში დგანან:  B3,  B4,  B5,  B6,  B7 და K3,  K4,  K5,  K6,  K7  უჯრედებზე. გადაადგილდებიან ერთი უჯრით, ნებისმიერი მიმართულებით (ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად და დიაგონალურად). მას შეუძლია, გადაიწიოს ერთი უჯრედით და განახორციელოს გასროლა. მშვილდოსანი ისვრის ყველა მიმართულებით და სწორი ტრაექტორიით; მისგან 3 უჯრედის ფარგლებში, გასროლით, შეუძლია გამოთიშოს თამაშიდან ყველა სახის ჯარისკაცი, ფაროსნისა და კატაპულტის გარდა.

 

მოთამაშე აცხადებს, რომელ ჯარისკაცზე ხორციელდება იერიში და იღებს მაგიდიდან მოკლულ ჯარისკაცს. გასათვალისწინებელია, რომ სროლის მიმართულებით, წინ არავინ უნდა იდგეს.

მშვილდოსანს შეუძლია, გადაადგილების გარეშეც განახორციელოს გასროლა; ამ შემთხვევაში მას აღარ ექნება მოძრაობის უფლება და ეს გასროლა დასრულებულ სვლად ჩაეთვლება.

კატაპულტას თიშავს თამაშიდან,  თუკი შეძლებს მასთან მიახლოებას და უჯრედზე მის ჩანაცვლებას.

თავის მხრივ, ნებისმიერ მოწინააღმდეგე ჯარისკაცს შეუძლია, გათიშოს თამაშიდან მშვილდოსანი, თუკი მოახერხებს მასთან მიახლოებას და უჯრედზე ჩანაცვლებას.

ფაროსნები - თამაშის დასაწყისში დგანან:  C3,  C4,  C5,  C6,  C7 და J3,  J4,  J5,  J6,  J7  უჯრედებზე.  ასევე, გადაადგილდება ყველა მიმართულებით (ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად და დიაგონალურად) 2 უჯრედის არეალში. მოძრაობაში შეუძლია მიმართულების შეცვლა.

ორთაბრძოლაში იგი ჯაბნის: მშვილდოსანს, მხედარსა და ფაროსანს. წაგებული რჩება: ხმალოსანთან, გენერლის გვარდიელებთან და ფაროსანთან.

ფაროსანს, სურვილის მიხედვით, შეუძლია, გადაადგილდეს მხოლოდ 1 უჯრედზე; მაგრამ მას ეკრძალება გადავიდეს 1 უჯრედზე, გათიშოს თამაშიდან მოწინააღმდეგე ჯარისკაცი და კიდევ გადაადგილდეს 1 უჯრედით.

ხმალოსნები - თამაშის დასაწყისში დგანან:  A2,  B2,  C2,  A8,  B8,  C8 და J2,  K2,  L2,  J8,  K8,  L8  უჯრედებზე.  გადაადგილდება 3 უჯრედზე, ყველა მიმართულებით (მოძრაობაში შეუძლია მიმართულების შეცვლა). მასაც შეუძლია, 3 სრული ნაბიჯის მაგივრად, გადაადგილდეს 2 ან 1 უჯრედზე. მოწინააღმდეგის გათიშვის შემდეგ მასაც ეკრძალება მოძრაობის გაგრძელება და სვლა დასრულებულად ჩაითვლება.

ბრძოლაში ძალებით აღემატება და ანადგურებს: ფაროსანს, მშვილდოსანსა და ხმალოსანს. ბრძოლას აგებს: გვარდიელებთან, მხედრებთან, მშვილდოსანსა (მანძილზე) და ხმალოსანთან.

გვარდიელები - თამაშის დასწყისში დგანან:  A4,  A5,  A6  და  L4,  L5,  L6  უჯრედებზე.  გადაადგილდება ყველა მიმართულებით 4 უჯრედის არეალში.

მასაც შეუძლია, გადაადგილდეს მხოლოდ 1, 2, ან 3 უჯრედზე. მასაც ეკრძალება გადაადგილების გაგრძელება, როგორც კი გათიშავს  მოწინააღმდეგეს.

ორთაბრძოლაში ჯაბნის ყველა სხვა სახეობის ჯარისკაცს.

გვარდიელს ამარცხებენ: მხედრები, მშვილდოსნები (მანძილზე) და გვარდიელები.

მხედრები - თამაშის დასწყისში დგანან:  A1,  B1,  C1,  A9,  B9,  C9 და J1,  K1,  L1,  J9,  K9,  L9  უჯრედებზე.  შეზღუდულია და მოძრაობს მხოლოდ ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად (წინ, უკან, გვერდზე). გადაადგილების მაქსიმალური მანძილია 5 უჯრა; როგორც დანარჩენ ჯარისკაცებს მასაც შეუძლია 5-ზე ნაკლებ უჯრედზე გადაადგილება.

მხედარს შეუძლია, ერთ ჯერზე გაანადგუროს თავის გზაზე მყოფი რამდენიმე ჯარისკაცი და გააგრძელოს მოძრაობა კუთვნილი 5 უჯრის ამოწურვამდე.

ფაროსნის გარდა, ჯაბნის ყველა სხვა ჯარისკაცს.  ამავდროულად, მას ამარცხებენ: ფაროსანი, გვარდიელი, მშვილდოსანი (მანძილზე) და მხედარი.

კატაპულტები - თამაშის დასწყისში დგანან:  A3,  A7  და  L3,  L7  ჯრედებზე.  ისინიც შეზღუდული არიან მოძრაობისას. გადაადგილდება 1 უჯრედზე, მხოლოდ ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად (წინ, უკან, გვერდზე).

მას არ შეუძლია, გადაადგილდეს და შემდეგ ისროლოს: ის ჯერ ისვრის და, თუ საჭიროდ მიიჩნევს, მერე ამოძრავდება. ის ანადგურებს მისგან მე-4, მე-5 და მე 6 უჯრედების ჩათვლით ყველა სახის ჯარისკაცს, ვინც წინ უდგას, თავისიანების ჩათვლით. ისვრის მხოლოდ წინ და არ შეუძლია შეტრიალება.

ასევე ყველა სახის ჯარისკაცს შეუძლია მისი განადგურება.

მშვილდოსანი ანადგურებს ყუმბარმრტყორცნს, თუკი შეძლებს მასთან მიახლოებას და უჯრედზე ჩანაცვლებას. 

 

 

   satamasho1@gmail.com