ბიზნესმენი
თამაში მომავალ ბიზნესმენებს
სამაგიდო ინტელექტუალური სათამაშო "ბიზნესმენი" ბავშვს აძლევს საშუალებას, გადადგას პირველი ნაბიჯები ბიზნეს სფეროში და მოემზადოს ცხოვრებაში მოსალოდნელი მრავალი გამოწვევისთვის.
"ბიზნესმენი" ავითარებს ლოგიკური, მათემატიკური და ინტელექტუალური გადაწყვეტილებების მიღების უნარს.
თამაშის მსვლელობისას აუცილებელია მოწინააღმდეგეთა მოსალოდნელი ნაბიჯების და გადაწყვეტილებების პროგნოზირება, რაც ხელს უწყობს გარემოზე დაკვირვების და ადამიანის ფსიქოტიპის ამოცნობის უნართა გამომუშავებას.
თამაშის მიზანია, რაც შეიძლება მეტი აქცია იყიდოთ და მოწინააღმდეგეები გააკოტროთ. გამარჯვებულია ის, ვინც ყველაზე მეტ კაპიტალს დააგროვებს.
ბავშვისთვის, ბიზნესმენის უნარების განვითარება ასეთი მარტივი ჯერ არასდროს ყოფილა.
თამაშობენ 8 წლის ასაკიდან და ზევით.
₾25.00
ყიდვა
თამაშის წესები
ბიზნესმენი
თამაშის მიზანია, იყიდოთ რაც შეიძლება მეტი აქცია და გააკოტროთ ყველა სხვა მოთამაშე.
თამაშისთვის მომზადება
გაშალეთ სათამაშო მოედანი. აირჩიეთ სათამაშო ფიშკები და მოათავსეთ სტარტის უჯრაზე. თანაბრად გადაანაწილეთ სათამაშო ფული. საერთო თანხა, რომელიც თანაბრად ნაწილდება თამაშის მონაწილეებს შორის, შეადგენს 17000 მეკოს (მეკო - სათამაშოს ფულის ერთეული). დანარჩენი ფული რჩება სათამაშო კალათში. ერთი მოთამაშე ირჩევა კალათის მენეჯერად.
თამაშის წესები
თამაშს იწყებს ის მონაწილე, რომელიც კამათლით სხვებზე მეტ ქულას დააგროვებს. შემდეგ თამაშობს
მოთამაშე, რომელიც ზის მარცხნივ და ა.შ.
თანმიმდევრობის გარკვევის შემდეგ, მოთამაშეები სათითაოდ აგორებენ კამათელს და გადააქვთ თავისი
ფიშკები საათის ისრის მიმართულებით იმ რაოდენობის უჯრაზე, რამდენსაც უჩვენებს კამათელი. ერთ
უჯრაზე შესაძლებელია მოთავსდეს რამდენიმე ფიშკა ერთდროულად.
სათამაშო მოედანი წარმოდგენილია 4 ფერით. სხვადასხვა ფერი იმისთვისაა საჭირო, რომ არ აგვერიოს
ერთნაირი ბიზნესების თანაბარფასიანი აქციები. მაგალითად, სუპერმარკეტის აქციები სათამაშო
მოედანზე წარმოდგენილია 4 ადგილას სხვადასხვა ფერით და თითოეულის ფასი შეადგენს 360 მეკოს.
თამაშის მსვლელობისას შეგიძლიათ შეიძინოთ 1,2,3, და 4 სუპერმარკეტის აქცია. იმის მიხედვით,
რამდენი სუპერმარკეტის აქცია გაქვთ შეძენილი, დანარჩენი მოთამაშეები გიხდიან შემდეგი სახის
გადასახადებს. მაგალითად, თუ თქვენ გეკუთვნით სუპერმარკეტის 1 აქცია (წითელი), ამ
შემთხვევაში სხვა ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც მოხვდება ამ უჯრაზე, გიხდით 120 მეკოს. თუკი
თქვენ გეკუთვნით სუპერმარკეტების 2 აქცია (ლურჯი და წითელი), ამ შემთხვევაში ის მოთამაშე,
რომელიც მოხვდება თქვენი კუთვნილი სუპერმარკეტის ნებისმიერ უჯრაზე, გიხდით უკვე 240 მეკოს და
ა.შ. თუ შეძენილი გაქვთ 3 სუპერმარკეტის აქცია, ნებისმიერზე მოხვედრისას გიხდიან 360 მეკოს, 4
აქციაზე 480 მეკოს. აქციების ფასები და გადასახადი რენტა აღნიშნულია სათამაშო მოედანზე და თვით
აქციებზე, რომლებსაც მოთამაშეები იღებენ მათი ყიდვის შემდეგ. თამაშში ასეთივე სხვადასხვა ფერის
და რაოდენობის აქციებით წარმოდგენილია: პიცერია, სამკაულების მაღაზია, სამკერვალო, თარჯიმანთა
ბიურო, ლოტო, ტურისტული სააგენტო, ხელოსნების სერვისი. მხოლოდ საადვოკატო ბიურო და ავეჯის
საამქრო არიან წარმოდგენილები თითო-თითო აქციით.
მათი შეძენა ხდება აუქციონის სახით. მაგალითად, თუ ერთ ერთი მოთამაშის ფიშკა მოხვდა რომელიმე
ჯერ კიდე გასაყიდ უჯრაზე (წითელი-სუპერმარკეტი), მოცემული აქცია გამოაქვთ აუქციონზე. მას
ყიდულობს ის მოთამაშე, რომელიც მზად იქნება გადაიხადოს სხვა მოთამაშეებზე მეტი თანხა. იმ
მოთამაშის პრივილეგია, რომლის ფიშკა მოხვდა მოცემულ უჯრაზე, გამოიხატება იმაში, რომ მას შეუძლია
აუქციონის მსვლელობისას არ გაზარდოს სხვების მიერ დასახელებული თანხა და დაეთანხმოს იმ ფასს,
რომელსაც ასახელებენ სხვა მოთამაშეები. მაგალითად, თუკი რომელიმე სხვა მოთამაშემ ასწია წითელი
სუპერმარკეტის ფასი 600 მეკომდე, ამ ფიშკის მფლობელს შეუძლია დათანხმდეს ამ ფასს და თვითონ
შეიძინოს ეს აქცია 600 მეკოდ. და თუკი, სხვა მოთამაშეებს ექნებათ სურვილი შეიძინონ მოცემული
აქცია, ისინი იძულებული იქნებიან ასწიონ ფასი.
სათამაშო მოედანზე ესევე წარმოდგენილია მსხვილი სააქციო საზოგადოებები: სარეკლამო კომპანია,
ქარხანა, ავიაკომპანია, ბანკი და სადაზღვევო კომპანია. ყველა ეს სააქციო საზოგადოება
წარმოდგენილია სათამაშო მოედანზე თითო-თითო უჯრით. თითოეულს, ავიაკომპანიის გარდა, გააჩნიათ
სამ-სამი აქცია. ავიაკომპანიას მხოლოდ ორი ეკუთვნის. სააქციო საზოგადოების აქციები იყიდება
სათითაოდ, კონკრეტულ უჯრაზე მოთამაშეების ყოველი მოხვედრისას. მოთამაშე, რომელიც მოხვდება
რომელიმე ასეთ უჯრაზე, გადაიხდის რენტას, თუკი უკვე გაყიდულია ერთი აქცია მაინც და შემდეგ
გამოაქვს აუქციონზე მომდევნო. იმ შემთხვევაში, თუ უკვე გაყიდულია 2 აქცია (მაგალითად, ბანკის 2
აქცია ნაყიდი აქვთ 2 სხვადასხვა მოთამაშეს), ფიშკის მფლობელი უხდის მფლობელებს სათითაოდ 100
მეკოს და გამოაქვს მესამე აქცია აუქციონზე.
აქედან გამომდინარე, ყოველი აქციონერული საზოგადოების აქციის მფლობელი იღებს რენტას იმ
რაოდენობით, რამდენი აქციაც გააჩნია. მაგალითად, თუ თქვენ შეძენილი გაქვთ ბანკის 3 აქცია,
ნებისმიერი სხვა მოთამაშე, რომელიც მოხვდება ამ უჯრაზე, გიხდით 1200 მეკოს. თუკი ბანკის
აქციები შეძენილი აქვს 2 მოთამაშეს (ერთს 2 და მეორეს 1) და თუ სხვა მოთამაშე მოხვდა ამ უჯრაზე,
იგი უხდის აქციების მფლობელებს თანხას. პირველს 400 მეკოს, მეორეს კი 100 მეკოს, აქციების
რაოდენობის მიხედვით. თუკი თქვენ გეკუთვნით ბანკის ერთი და დარჩენილი ბანკის 2 აქცია ეკუთვნის
სხვა მოთამაშეს, მაშინ ამ უჯრაზე მოხვედრისას იძულებული იქნებით გადაუხადოთ ორი აქციის მფლობელს
ერთი აქციის საფასური თანხა (2-1=1). თუკი თქვენ გეკუთვნით ბანკის 2 აქცია და 1 აქცია სხვას
ეკუთვნის, უჯრაზე მოხვედრისას რენტას არ იხდით.
ბანკის აქციების მქონე მოთამაშეებს შეუძლიათ გაასესხონ ნებისმიერი რაოდენობის თანხა.
მოთამაშე,
რომელიც ისესხებს ამ თანხას,ვალდებულია ვალის სრულ დაფარვამდე, ყოველთვის ბანკის უჯრის
გავლისას, გადაუხადოს კრედიტორს აღებული თანხის მეოთხედი.
აქციების სათამაშო კალათაში ჩადება
თამაშის ნებისმიერ დროს, მოთამაშეებს შეუძლიათ უკან დააბრუნონ სათამაშო კალათში თავიანთი აქციები
და მიიღონ მათი საწყისი ღირებულების ნახევარი თანხა. მაგალითად, თუკი გადაწყვიტეთ დააბრუნოთ
წითელი სუპერმარკეტის აქცია, სათამაშო კალათიდან იღებთ ამ აქციის საწყისი ღირებულების (360
მეკო) ნახევარს - 180 მეკოს.
ნებისმიერ მოთამაშეს, თავისი კამათლის გაგორების წინ შეუძლია დაიწყოს ვაჭრობა სათამაშო კალათში
ჩადებულ ნებისმიერ აქციაზე. მოთამაშეებს შეუძლიათ ყოველ ჯერზე, გაგორების წინ, გამოიტანონ
აუქციონზე მხოლოდ ერთი აქცია. აქციის მფლობელი ხდება ის მოთამაშე, რომელიც გადაიხდის სხვებზე
მეტ თანხას.
კალათში ჩადებული აქციების უჯრებზე მოხვედრისას მოთამაშეები რენტას არ იხდიან.
ლოტო
მოთამაშე, რომელიც მოხვდება ლოტოს უჯრედზე და თუ ეს ლოტოს უჯრედი ეკუთვნის სხვა მოთამაშეს, იგი ვალდებულია გადაიხადოს რენტა და სცადოს ბედი ლოტოს გათამაშებაში: მოთამაშე აგორებს კამათელს და ლუწი რიცხვის დაჯდომის შემთხვევაში, იგი ვალდებულია გადაუხადოს ლოტოს უჯრედის მფლობელს კამათელზე ამოსული ციფრის 50-ჯერ მეტი თანხა (მაგ: 8 ქულაზე 400 მეკო). ხოლო კენტი რიცხვის ამოსვლის შემთხვევაში, ლოტოს აქციის მფლობელი უხდის მას ამოსული ციფრის 50-ჯერ მეტ თანხას. კომპანიების და აქციონერული საზოგადოებების გარდა, სათამაშო მოედანზე წარმოდგენილია შემდეგი უჯრედები: სტარტი, მემკვიდრეობა, ავტოპატრული, მივლინება, ციხე, საგადასახადო ინსპექცია და შანსი.
სტარტი
თამაშის პროცესში მოთამაშეები ბევრჯერ გაივლიან სტარტის უჯრას. ყოველ გავლაზე, მოთამაშეები სათითაოდ იღებენ სათამაშო კალათიდან 250 მეკოს მანამდე, სანამ არ გაიყიდება ყველა აქცია სათამაშო მოედანზე (არ ეხება სააქციო საზოგადოებების აქციებს). ასევე, ვეღარ აიღებენ თანხას, თუკი თამაშის მონაწილეებისაგან დარჩება მხოლოდ ორი მოთამაშე.
მემკვიდრეობა
მოთამაშე, რომლის ფიშკაც მოხვდება ამ უჯრაზე, იღებს სათამაშო კალათიდან 500 მეკოს.
ავტოპატრული
მოცემულ უჯრაზე მოხვედრისას, მოთამაშე იხდის სათამაშო კალათში ჯარიმის სახით 300 მეკოს.
მივლინება
აქ მოხვედრისას სათამაშო კალათიდან იღებთ 400 მეკოს და ტოვებთ ერთ გაგორებას. იმ დროს, როდესაც ფიშკა იმყოფება აღნიშნულ უჯრაზე, მოთამაშეს არ აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა აუქციონებში.
ციხე
თუ მოხვდით ამ უჯრაზე, გადაიხდით სათამაშო კალათში 500 მეკოს და გამოტოვებთ ერთ გაგორებას. იმ დროს, როდესაც ფიშკა იმყოფება აღნიშნულ ლოკაციაზე, მოთამაშეს არ აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა აუქციონებში.
საგადასახადო ინსპექცია
ამ უჯრაზე მოხვედრისას იხდით სათამაშო კალათში 400 მეკოს.
შანსი
მოთამაშეს, რომლის ფიშკაც მოხვდება მოცემულ უჯრაზე, შეუძლია საწყის ფასად შეიძინოს ნებისმიერი ჯერ კიდე გასაყიდი აქცია.
ფერების აუქციონი
თამაში ფერების აუქციონი წარმოდგენილია შემდეგი სათამაშო ატრიბუტებით: დაფით, ფულით (ფულის
ერთეული-მეკო) და ფერადი ბარათებით.
გაშალეთ დაფა, რომლის ოთხივე მხარე 10 ფერით არის წარმოდგენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული
ფერი 4 სხვადასხვა მხარეს არის განლაგებული და ამ 4 იდენტური ფერიდან ერთ-ერთს აწერია:
ჩააბარეთ ბარათები.
გაინაწილეთ ბარათები. წარმოდგენილია 40 სათამაშო ბარათი 10 განსხვავებული ფერით - თითო ფერი
წარმოდგენილია 4 ბარათით. ყოველი მონაწილე სათამაშო კალათიდან იღებს 10 სხვადასხვა ფერის
ბარათს. თამაშობს 2,3 ან 4 მონაწილე.
სათამაშო ფული რჩება კალათში.
თამაშის მიზანი
თქვენი მიზანია გაყიდოთ თქვენს ხელთ არსებული ბარათები რაც შეიძლება მაღალ ფასად. თამაშს მოიგებს ის მონაწილე, რომელიც სხვებზე მეტ თანხას დააგროვებს. მოთამაშეები ბარათებს ყიდიან აუქციონის წესით. ოღონდ, აუქციონზე ფასს კი არ უმატებენ, არამედ-აკლებენ. ყოველი ბარათის გასაყიდად ვაჭრობა იწყება 700 მეკოდან და თანდათან ქვემოთ ჩამოდის. ვაჭრობას იწყებს ის მოთამაშე, რომელმაც ბოლოს გააგორა კამათელი. ეს მონაწილე ასევე სარგებლობს გარკვეული პრივილეგიით, რაც ნიშნავს იმას რომ შეუძლია დაეთანხმოს სხვების მიერ გამოცხადებულ ფასს და არ სჭირდება უფრო მეტად ფასის დაკლება. ბარათის საყიდლად ბიჯის (დაკლების) მინიმალური ზღვარია 30 მეკო.
თამაშის პროცესი
თამაში მიმდინარეობს ორი კამათლის და ერთი ე.წ. ფიშკის თანმხლებით. თამაშს იწყებს ის მონაწილე,
რომელიც კამათლით სხვებზე მეტ ქულას დააგროვებს. შემდეგ თამაშობს მოთამაშე, რომელიც ზის
მარცხნივ და ა.შ.
თანმიმდევრობის გარკვევის შემდეგ, მოთამაშეები სათითაოდ აგორებენ კამათელს და გადააქვთ თავისი
ფიშკები საათის ისრის მიმართულებით იმ რაოდენობის უჯრაზე, რამდენსაც უჩვენებს კამათელი.
პრაქტიკულ მაგალითზე განვიხილოთ თამაშის მსვლელობა:
თუ ფიშკა მოხვდება მაგალითად - მწვანე უჯრაზე, ყველა მოთამაშემ უნდა ეცადოს გაყიდოს მის
საკუთრებაში არსებული მწვანე ბარათი. მყიდველს წარმოადგენს სათამაშო კალათა. ის მონაწილე,
რომელიც თანახმა იქნება ყველაზე იაფად გაყიდოს თავისი მწვანე ბარათი, მიიღებს კალათიდან იმ
თანხას, რა ოდენობის თანხაზეც ჩამოვა აუქციონში ზემოთნახსენები მოთამაშე. ის ფულს აიღებს
კალათიდან და ჩადებს კალათაში მწვანე ბარათს.
თუკი ფიშკა მოხვდება მაგალითად მწვანე უჯრაზე, რომელზეც გამოსახულია წარწერა ჩააბარეთ
ბარათები, ყველა მოთამაშე, ვისაც ხელზე აქვს მწვანე ბარათი, იძულებული გახდება, ჩადონ ისინი
სათამაშო კალათში და ვერ აიღებენ მათში თანხას. ამიტომაც, მონაწილეები ცდილობენ გაყიდონ თავისი
ბარათები თუნდაც ძალიან დაბალ ფასად, რადგან წარწერა ჩააბარე ბარათების უჯრა მათ ამ შანსს
უკარგავს.
თამაშის ბოლოს, თუკი ფიშკა დაჯდება იმ ფერის უჯრაზე, რომლის ბარათები მოთამაშეებს აღარ
გააჩნიათ, ფიშკა იწევა ერთი უჯრით წინ იქამდე, სანამ არ მოხვდება იმ ფერზე, რომელიც გააჩნია
ერთ მოთამშეს მაინც.
თამაშის პროცესი მთავრდება მაშინ, როცა ყველა ბარათი კალათში აღმოჩნდება.
გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელიც სხვებზე მეტ თანხას დააგროვებს.